პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბუდაპეშტში გრძელდება. ირაკლი კობახიძე შეხვედრებს, დღეს, უნგრეთის პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.
მანამდე კი, უკვე შედგა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, ასევე საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა.
ირაკლი კობახიძემ და ვიქტორ ორბანმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატის მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში, პარტნიორობის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად.
ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით პერსპექტივებს. აღინიშნა ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო იღებს, პირადად პრემიერ-მინისტრ ორბანისა და უნგრეთის ხელისუფლებისგან, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექმნებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ამ პროცესის მხარდასაჭერად. ერთობლივი პრესკონფერენციამდე მხარეებმა მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმები გაცვალეს.
პრემიერ-მინისტრმა, უნგრელ კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა მთავრობათაშორისი სამიტის ერთობლივ დეკლარაციას.