დავით შერაზადიშვილი სოფელ გომარეთში, სახალხო ზეიმს “გომარეთობა” დაესწრო
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში სახალხო დღესასწაულ „გომარეთობას“ დაესწრო.
დელეგატმა, ადგილობრივებს დღესასწაული დმანისის მუნიციპალიტეტის მერ კობა მურადაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილთან ერთად მიულოცა.
„ეს დღე არის სოფლის ზეიმი, სადაც სტუმრებს ხალისითა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით ეგებებიან. მთელი გულით ვულოცავ გომარეთელებს დღესასწაულს. ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას”, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად, გომარეთის კულტურის სახლთან, სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, კონცერტი და სპორტული აქტივობები. გამოვლინდნენ „საპატიო გომარეთელები“, რომელთაც, მერიის სახელით, სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ.
„გომარეთობა“ ყოველ სულთმოფენობას იმართება. ეს არის ძალიან ლამაზი ტრადიცია, რომელსაც 2017 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და მისი, როგორც სახალხო დღესასწაულის განახლება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოს დიონისე გვიმრაძის დამსახურებაა.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიგა ნამიჭეიშვილი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული, პროტოსინგელოსი დიონისე გვიმრაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.