პრემიერი – ევროპელებთან საუბრისას ვამბობთ, რომ გვაქვს ფაქტები, როგორ ახალისებთ ექსტრემიზმს, ამას გიმტკიცებთ ვიდეოებით, თქვენი დაფინანსების პრაქტიკით, იქიდან მოდის ზოგადი ფრაზები, ტყუილებიც, რაც საბჭოური მიდგომაა

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ევროპელებთან, ვამბობთ რას, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები, მოდით ამას დაუპირისპირეთ ფაქტები, ტყუილები და ზოგადი განცხადებები კი არა, ფაქტს დაუპირისპირეთ ფაქტი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ვიდეო უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები პირდაპირ მაიდანზე მითითებებს აკეთებენ.

„პირდაპირ სცენაზე იყვნენ ასული, მოწოდებებს, მაიდანზე მითითებებს აკეთებდნენ. ეს არის ფაქტები. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ევროპელებთან, ვამბობთ, რომ გვაქვს ფაქტები, მოდით ამას დაუპირისპირეთ ფაქტები, ტყუილები და ზოგადი განცხადებები კი არა, ფაქტს დაუპირისპირეთ ფაქტი. როდესაც ჩვენ გეუბნებით, რომ თქვენ ახალისებთ ექსტრემიზმს, ამას გიმტკიცებთ ფაქტებით, ვიდეოებით, თქვენი დაფინანსების პრაქტიკით. პირდაპირ ფაქტები გვაქვს, როგორ აფინანსებენ ეს ადამიანები ექსტრემიზმს ჩვენს ქვეყანაში. ფაქტებით ველაპარაკებით და იქიდან მოდის ზოგადი ფრაზები, უფრო ხშირად მოდის ტყუილებიც. ეს სამწუხაროა. ფაქტს, მოდით, დაუპირისპირეთ ფაქტი. ეს ხომ იქნება ევროპული მიდგომა, მაგრამ ევროპული მიდგომის მაგივრად გვპასუხობენ საბჭოური მიდგომით. საბჭოური მიდგომა არის ტყუილი, ზოგადი საუბრები. ეს არის ძალიან სამწუხარო და დასანანი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები