საგამოძიებოს სამსახურმა სტაჟირების პროგრამა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის სტუდენტებისთვის გაცნობით შეხვედრებს საქართველოს უნივერსიტეტებში, – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე – იოსებ ვარძელაშვილი და საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი – ლევან ძნელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი – ტიტე აროშიძე მასპინძლობდა.
საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა, სტუდენტებს გააცნეს უწყების მანდატი, სამუშაო სპეციფიკა და ანაზღაურებადი სტაჟირების ეტაპები.
ასევე, დეტალურად განუმარტეს, პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობა და სამომავლო შესაძლებლობები.
სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.