სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დელეგაცია მადრიდში, ესპანეთის საჯარო ადმინისტრირების ეროვნულ ინსტიტუტში (INAP) გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დელეგაცია მადრიდში, ესპანეთის საჯარო ადმინისტრირების ეროვნულ ინსტიტუტში (INAP) გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, – ამის შესახებ ინფორმაციას, ჟვანიას სკოლა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე ჟვანიას სკოლის თანამშრომლებს INAP-ის დირექტორმა, მანუელ პასტორმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია გორგაძემ მასპინძლებს მოწვევისა და ინოვაციური საჯარო პოლიტიკის სწავლების ესპანური გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის ფარგლებში ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია წარადგინეს და სკოლის მისიასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობასა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. თავის მხრივ ესპანელმა კოლეგებმა ქართველ სტუმრებს პროფესიული განვითარების, საჯარო ადმინისტრაციის მოდერნიზაციისა და ელექტრონული სწავლების სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრის ფარგლებში ასევე მხარეებმა ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, აგრეთვე სკოლის მსმენელების, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ტრენერების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ INAP ვიზიტისას საქართველოს დელეგაცია წარადგინა ესპანეთის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს დესპანმა ქალბატონმა ნატო ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები