“აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის – მილი მეჯლისის დელეგაციასთან შეხვედრაზე, დადებითად შევაფასეთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ინტენსიური ურთიერთობები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მან აზერბაიჯანულ მხარეს გუშინ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“განვიხილეთ ნაყოფიერი საპარლამენტო თანამშრომლობა, როგორც საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებს, ისე კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის. აგრეთვე, ხაზი გავუსვით ორმხრივი ვიზიტების დადებით დინამიკას.
ვისაუბრეთ ახალგაზრდებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. ამ კუთხით, ხაზი გავუსვით განათლების კომიტეტების მნიშვნელოვან როლს”, – წერს პაპუაშვილი.