საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს

“პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე ემსახურება მსოფლიოში ბავშვების უფლებების მნიშვნელობის წარმოჩენას, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მათი განვითარების ხელშეწყობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის ხაზგასმას”, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

“ამ დღის აღსანიშნავად, 29 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ასევე სახელმწიფო უწყებების, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით, გორში გაიმართა ღონისძიება – „ბავშვების ხმა მნიშვნელოვანია“.

ღონისძიების მიზანი იყოს ადგილობრივი არასრულწლოვანების ინფორმირება ბავშვის უფლებების შესახებ, მათი მოსაზრებების მოსმენა და მონაწილეობის ხელშეწყობა.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა და მოწვეულმა ექსპერტმა ბავშვებთან ერთად იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა აზრის გამოხატვა, თანასწორობა, ემოციური კეთილდღეობა, უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, პოლიციასთან ურთიერთობა, ადამიანის უფლებების სწავლების მნიშვნელობა და სხვა.

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილეს გამოხატული მოსაზრებებისათვის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვებთან დაკავშირებული თითოეული გადაწყვეტილების საფუძველი სწორედ ბავშვების მოსმენა და მათი საჭიროებების გათვალისწინება უნდა იყოს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები