გიორგი სოსიაშვილი: ვფიქრობ, პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, როდესაც ტრამპის მისალოცი ბარათი მიიღო ჩვენმა პრეზიდენტმა

„ვფიქრობ, პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი ბარათი მიიღო ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა და ახლა უკვე ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენელი ბრძანდებოდა ჩვენთან და შეხვდა ხელისუფლების უმაღლეს პირებს,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაიწყო .

„ჩვენ ძალიან ღიად ვთქვით, რომ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიცვალა ადმინისტრაცია და ახალი პრეზიდენტი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ძალიან დიდი იმედი გვქონდა და გვაქვს, რომ ურთიერთობა გადაიტვირთება. ჩვენი მზაობა არსებობს.

ჩვენი ხედვები ბევრი მიმართულებით გაცხადებულია. ეს არის გამჭვირვალობა, ეს არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის შეზღუდვა. უამრავ რამეში ერთი ერთში ემთხვევა ჩვენი და ახალი ადმინისტრაციის ხედვები. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ თეთრი სახლისთვის ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები კავკასიაში. ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ სურს, რომ ჰყავდეს კავკასიაში შემდგარი სახელმწიფო, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც გაუწევს ღირსეულ პარტნიორობას, ღირსეულ მეგობრობას, ისეთ მეგობრობას, როგორიც ეკადრება ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას, ჩვენ ამ ურთიერთობისთვის და ამ გადატვირთვისთვის მზად ვართ.

ვფიქრობ, პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი ბარათი მიიღო ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა და ახლა უკვე ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენელი ბრძანდებოდა ჩვენთან და შეხვდა ხელისუფლების უმაღლეს პირებს. დარწმუნებული ვარ, სუფთა ფურცლიდან დაიწყო ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი. ამისი მჯერა და ამის იმედი მაქვს“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები