გელა გელაძე პოლიციელებს: სახელმწიფო და საზოგადოება აფასებს თქვენს შრომას და ძალისხმევას
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას გიხდით თქვენი თავდადებისთვის! მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს და განსაკუთრებით, თქვენს შვილებს, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასია თქვენთან ერთად გატარებული დრო, რომელსაც ხშირად თმობენ იმისთვის, რომ თქვენ ქვეყნის სამსახურში ყოფნა შეძლოთ.
ძვირფასო პოლიციელებო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება აფასებს თქვენს შრომას და ძალისხმევას. ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ ყოველდღიური გამოწვევების და ფიზიკური თუ მორალური წნეხის მიუხედავად, ურყევად დგახართ უსაფრთხოების სადარაჯოზე და ფარად უდგახართ ჩვენი სამშობლოს მომავალს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გელა გელაძემ პოლიციის მუდმივი მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, მმართველ გუნდს.