რუსთავსა და გარდაბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებს ანხორციელებს, – ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„მიმდინარეობს რუსთავი–გარდაბანი–ვახტანგისის საავტომობილო გზის ორი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. მჭიდროდ დასახლებულ უბნებზე გამავალი 8.6 კმ-იანი და 10 კმ-იანი საგზაო მონაკვეთების დაზიანებული საფარი მოქალაქეებისთვის გადაადგილებას ართულებდა. პროექტის ფარგლებში, იგება ახალი ასფალტბეტონის საფარი, ეწყობა წყალგამტარი მილები, ბეტონის კიუვეტები, ქვეითთა გადასასვლელები, ეზოში შესასვლელები, ტროტუარები, ავტოპავილიონები, საგზაო ნიშნები.

ორივე მონაკვეთის რეაბილიტაციის ბიუჯეტი, დაახლოებით, 31 მილიონი ლარია, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მიმდინარეობს, ასევე, რუსთავი–ჯანდარა, საავტომობილო გზის 8.5 კმ-იანი დაზიანებული მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს ასფალტბეტონის საფარის დაგებას, ხელოვნური ნაგებობების მოწყობასა და საგზაო ნიშნების განახლებას.

სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია 7.5 მილიონი ლარის ბიუჯეტი. პროექტის დასრულება 2026 წელს იგეგმება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები