„ბრალდება, რომ საარჩევნო სია 1 200 000 – ით იყო გაბერილი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არ დადასტურდა“

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო სიებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა. მანვე მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა და 2 წლის წინანდელი საარჩევნო სიების მიმართ გამოთქმული პრეტენზიების გამო მათ პოლიტიკურ კრიტიკაში და ე.წ. ანტიპიარში დასდო ბრალი.
კაციტაძის განცხადებით, ორი წლის წინ პოლიტიკოსები მუდმივად აპელირებდნენ იმაზე, რომ თითქოს სია 1 200 000 – ით იყო გაბერილი, და რომ სიაში არარსებული კორპუსები იყო შეყვანილი, თუმცა, მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ბრალდებების მართებულობა არ დადასტურდა.
„ორი წლის წინ, როდესაც ამომრჩეველთა სია შეიქმნა, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ის ობიექტურთან მიახლოებული ყოფილიყო. ბევრი პოლიტიკური კრიტიკა და ანტიპიარი იყო. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 4 300 000 უნიკალური მონაცემი გადამოწმდა, ასაკისდა მიხედვით, გაიფილტრა სია, საბოლოოდ დაიდო შედეგი, რომლის მიხედვითაც სიაში ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 22 თუ 25 ათასით მეტი იყო, ვიდრე 2 წლის წინ. 22 ათასით ელემენტარულად, შობადობიდან გამომდინარე, შეიძლება გაიზარდოს სია იმ პერიოდში, როდესაც 18 წლის ასაკი უსრულდებოდათ. 22 ათასი არ არის ხმაურის ასატეხი გაზრდა – დაკლების თვალსაზრისით, უბრალოდ ამ სიიდან მექანიკურად იქნა ამოღებული უმისამართოთა კატეგორია და რეგისტრაციიდან მოხსნილი ადამიანები. რეალურად სია იგივეა, რაც 2 წლის წინ იყო. უბრალოდ მას ამ ორ წელიწადში გამოაკლდნენ გარდაცვლილები და დაემატნენ ის ადამიანები, ვისაც ამ პერიოდში 18 წელი შეუსრულდათ. რაც შეეხებათ საზღვარგარეთ გასულებს, საზღვარგარეთ გასულები ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილებას არ იღებენ, თუმცა ისინი სიაში შეიყვანეს. ის რიტორიკა, რომელიც ორი წლის წინ იყო, რომ მილიონ 200 000 – ით არის გაბერილი სია და რომ სიაში არარსებული კორპუსებია შეყვანილი, აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არ დადასტურდა. სამაგიეროდ დადასტურდა ის, რომ ის კრიტიკა იყო ანტიპიარის, ანუ პოლიტიკური პიარის ნაწილი, რაც 2012 წელს მიმდინარეობდა“,- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
მამუკა კაციტაძე საარჩევნო სიების კუთხით არსებულ ცვლილებებს და ე.წ. სურათებიან სიასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბნებზე სურათებიანი სია იქნება, აუცილებელია ამ სურათის ნამდვილობა არა რეგისტრატორმა, არამედ სპეციალურმა აპარატურამ შეამოწმოს.
„ კარგია სურათებიანი სია, რა თქმა უნდა, მას ჯობია ბიომეტრიული პარამეტრებით შექმნილი სია, რაზედაც უკვე წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, მაგრამ თუ დარჩა სურათებიანი სია, მას ერთი აუცილებლობა ახლავს თან. უბანზე მისვლისას შეიძლება რეგისტრატორმა განგიცხადოთ, რომ ეს თქვენ არა ხართ. რეგისტრატორის სუბიექტურ პოზიციაზეა დამოკიდებული, დაადასტუროს ან არ დაადასტუროს ნამდვილობა და შესაბამისობა კონკრეტულ ამომრჩეველსა და სიაში მყოფ სურათს შორის. თუ გვინდა, რომ ეს მაქსიმალურად მაღალი სანდოობის იყოს, გადამოწმება ელექტრონულად უნდა მოხდეს. ამომრჩევლის ბარათი, ან პირადობის მოწმობა სპეციალურად უნდა გატარდეს ხელსაწყოში, რომელშიც ამომრჩევლის სურათი წინასწარ არის შეყვანილი, რადგანაც ამ უბნის ამომრჩეველია. თუ აინთო მწვანე ნათურა, ესე იგი ნამდვილობა დასტურდება, თუ არ დაემთხვა, მაშინ რაღაც პრობლემაა და თქვენ ხმას ვერ აძლევთ“,- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები