თამარ ჩიბურდანიძე: ზელენსკი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის თანხმობის გარეშე ომის დასასრულებლად მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ამავდროულად, ყველაზე მთავარია, თუ რა იქნება მისი მოთხოვნა
„თუკი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას შეძლებს, მაშინ შევძლებთ ვთქვათ, რომ ის „დიფ სთეითს” მოერია და ჩრდილოვანი მმართველები დაამარცხა”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზელენსკი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის თანხმობის გარეშე ამ ომის დასასრულებლად მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება და ამავდროულად, ყველაზე მთავარია, თუ რა იქნება მისი მოთხოვნა.
„თუ ვინმე ხელს უშლის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, ეს ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთია. სწორედ აქ არიან თავმოყრილი ჩრდილოვანი მმართველები. ამიტომ უგულებელყოფს ტრამპი მათ, თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს და არ სვამს მოლაპარაკების მაგიდასთან, რის გამოც ჩაიშალა გუშინდელი მოლაპარაკება. ტრამპი ამბობს, რომ ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი, ბაიდენი იყო ამის ავტორი და ის, ტრამპი, ამ გადაწყვეტილების მემკვიდრეა, თუმცა, არა – გამგრძელებელი. ამიტომ, ტრამპს ამ ომის დასრულება სურს. ამავდროულად, აშშ-ს აქვს საკუთარი ინტერესებიც – კოლოსალური თანხა დახარჯა და ამის დაბრუნება უნდა. მაგრამ, რა სურს ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს? როდის დათანხმდებიან ამ ომის დასრულებას? ზელენსკი იქამდე არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, სანამ ამაზე თანახმა არ იქნებიან ჩრდილოვანი მმართველები, ანუ – ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი. და სწორედ ეს არის მთავარი – რას დადებს ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან, რას მოითხოვს?” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.