მეცნიერებმა შორეულ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება აღმოაჩინეს

ასტრონომების მტკიცებით, დედამიწისგან 124 სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარე პლანეტაზე ბიოლოგიური აქტივობის ნიშნები აღმოაჩინეს.

მათი თქმით, ეს დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის ყველაზე ძლიერი მტკიცებულებაა.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებით პლანეტაზე სახელად K2-18 b, ორი ნაერთის ქიმიური თითის ანაბეჭდი გამოვლინდა, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმების შედეგად წარმოიქმნება.

ქიმიკატების, დიმეთილ სულფიდის (DMS) და დიმეთილ დისულფიდის (DMDS) აღმოჩენა არ წარმოადგენს უცხო ბიოლოგიური აქტივობის უტყუარ მტკიცებულებას, თუმცა შესაძლოა მნიშვნელოვნად დაგვაახლოოს პასუხთან კითხვაზე – მარტოები ვართ თუ არა სამყაროში.

„ეს არის დღემდე ყველაზე ძლიერი მტკიცებულება მზის სისტემის მიღმა ბიოლოგიური აქტივობის შესახებ. ჩვენ ძალიან ფრთხილები ვართ. საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა, არის თუ არა სიგნალი რეალური და რას ნიშნავს იგი“, – თქვა კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა, პროფესორმა ნიკუ მადჰუსუდჰანმა, რომელიც დაკვირვებებს ხელმძღვანელობდა.

სხვები უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი – ჯერ კიდევ რჩება კითხვები იმის შესახებ, არის თუ არა K2-18 b-ზე საერთო პირობები ხელსაყრელი სიცოცხლისთვის და შესაძლებელია თუ არა დიმეთილ სულფიდი (DMS) და დიმეთილ დისულფიდი (DMDS) – რომლებიც დედამიწაზე ძირითადად საზღვაო ფიტოპლანქტონის მიერ წარმოიქმნება – სიცოცხლის სანდო ნიშნებად ჩაითვალოს.

K2-18 b, რომელიც ლომის თანავარსკვლავედში მდებარეობს, თითქმის ცხრაჯერ უფრო მასიურია, ვიდრე დედამიწა, ზომით კი 2.6-ჯერ აღემატება მას და მდებარეობს თავისი ვარსკვლავის – მზეზე ორჯერ მცირე ზომის ცივი წითელი ჯუჯის – სიცოცხლისთვის შესაფერის ზონაში. როდესაც 2019 წელს „ჰაბლის“ კოსმოსურმა ტელესკოპმა მის ატმოსფეროში წყლის ორთქლის ნიშნები დააფიქსირა, მეცნიერებმა ის მზის სისტემის მიღმა „ყველაზე დასახლებულ სამყაროდ“ გამოაცხადეს.

კვლევები აჩვენებს, რომ K2-18b-ზე არსებული პირობები მსგავსია იმ გარემოსი, რომელიც დედამიწის ადრინდელი პერიოდის ოკეანეებში იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები