დაიბადა ჩოხატაურში. პროფესიით ეკონომისტია. ლექსებს წერს ბავშვობიდან, ამზადებს ხელნაკეთ ნივთებს. მისი ლექსები და შემოქმედები წლებია იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.
არის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. რამდენიმე წიგნის თანაავტორია.
აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურის დღეებში. არის რამდენიმე სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი. – ნინო კუტალაძის პერსონა.
– ჩოხატაურში, ერთ პატარა და ულამაზეს რაიონში, ძვირფასი ანა კალანდაძის და ნოდარ დუმბაძის მხარეში გავატარე ბავშვობა… ბავშვობიდან იწყება ყველაფერი ადამიანის ცხოვრებაში, გუშინდელივით მახსოვს, ალბათ იმიტომ, რომ ყოველმხრივ საინტერესო იყო…
– პროფესიით ეკონომისტი ხართ. შემოქმედებითი ნიჭი კი ბავშვობიდან გქონდათ…
– პროფესია, ვფიქრობ, სპონტანურად ავირჩიე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, პარალელურად ვითავსებდი იმ საქმეებს, რასაც დღემდე ვაგრძელებ…– ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდება თქვენი შემოქმედება. ამღერდა ლექსი „დედა“…
– ბავშვობიდან ვწერ, პირველი ლექსი ათი წლისამ დავწერე. ჩემი ლექსები პირველად ოცი წლის წინ, 2005 წელს, დაიბეჭდა გურიის გაზეთებში. არა მხოლოდ „დედა” , უკვე ჩემი ათამდე ლექსია ამღერებული და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ძვირფას ადამიანებს: ბატონ ედი ბერიძეს, ქალბატონ ლია ალადაშვილს და ნატალია ჭელიძეს, რომლებმაც მარგუნეს უდიდესი ბედნიერება და სიხარული ჩემი ლექსების გაჟღერებისთვის…
ლექსის ერთმანეთისგან გამორჩევა არ შემიძლია, მაგრამ სიმღერა „დედაზე“ ეს ყველაფერია… ამ ლექსის დაწერის ისტორია დედაჩემისთვის სტიმულის მიმცემია, სიცოცხლის გასაგრძელებლად, მეტი სიყვარულისთვის და იმ გრძნობისთვის, რომელსაც ლექსად ვუძღვნი, მარადიულია…
– როდის დაიწყეთ ხელნაკეთი ნივთების დამზადება? პირველი ნამუშევრები…
– ვხატავ ბავშვობიდან, ხელნაკეთი ნივთების დამზადება დავიწყე 5 წლის წინ. ჩემი პირველი ნამუშევრები იყო ყვავილები.
– ყველა ხელნაკეთს თავისი ისტორია აქვს… რა გაძლევთ შთაგონებას?
– ცხოვრების სტილი, ალბათ… რაც მიყვარს, ვცდილობ ბუნებაში გადმოვიტანო და შევქმნა ჩემი ვერსიით, ხელებით. შთაგონება ჩემში სულ ჩქეფს…
– 4 შვილის დედა ხართ…. ოჯახი და თქვენი შემოქმედება…
– მყავს სამი ვაჟი, ერთი ქალიშვილი და არაჩვეულებრივი მეუღლე. ოჯახთან შეთავსებით ჩემი შემოქმედება ჰარმონიაშია. არასდროს იქნება საკმარისი დრო, თუ ის გავფლანგე. ოჯახი უდიდეს დადებით როლს ასრულებს ჩემს შემოქმედებაში, მაძლევენ სტიმულს…ჩემი შვილებიც მიჰყვებიან ხელოვნებას…
– გამოფენები, ჯილდოები…
– ჩემი შემოქმედება, ხელნაკეთი ნივთები იბეჭდება წიგნის სახით. ჯილდოებს რაც შეეხება, პირველი 2016 წელს მხვდა წილად. ვარ ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი.
– ჰობი…
– სუნთქვა ფერებით, დროის დახარჯვა საკუთარი სამყაროს შესაქმნელად…
– აქტიურად მონაწილეობთ კულტურულ ღონისძიებებში. ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად, ქართულ-ფრანგულ-ჰოლანდიურ კულტურულ დღეებში ვარ ჩართული, რომელიც გაიმართება პარიზში, ამსტერდამსა და ჰააგაში!
– გვიახლოვდება აღდგომა – დიდი დღესასწაული…
– გილოცავთ სულიერი განახლების, იმედის და მარადიული სიცოცხლის დღესასწაულს! აღდგომას… ჯერ არ ვიცი, რას დავამზადებ…
– რაზე გწყდებათ გული?
– გული არაფერზე მწყდება, ნორმალური ცხოვრება მაქვს, არაჩვეულებრივი ადამიანებით.უფლის იმედით ყველაფერი კარგად არის და მწამს, ასე იქნება…
– სამომავლო გეგმები…
– წინასწარ არაფერს ვგეგმავ…
თამარ შაიშმელაშვილი