ილონ მასკი არასამთავრობო ორგანიზაციების გასამართლებას ითხოვს

Tesla-ს მანქანებზე, შოურუმებსა და დამტენ სადგურებზე ძალადობის ტალღის ფონზე, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის უფროსმა, ილონ მასკმა, თავდასხმებს „ფართომასშტაბიანი საშინაო ტერორიზმი“ უწოდა.

მასკი ამბობს, რომ არასამთავრობოების ქსელი, მათ შორის სოროსის ფონდთან ასოცირებული ორგანიზაციები დგანან კომპანია „ტესლას“ წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმებზე. იგი არასამთავრობო ორგანიზაციებს ფულის გათეთრების გიგანტურ სქემას უწოდებს და მათ გასამართლებას ითხოვს.

“ეს არის ფუნდამენტურად ტერორიზმის შემთხვევა. ეს არის ფართო მასშტაბიანი საშინაო ტერორიზმი დაშინების მიზნით და ზიანს აყენებს უდანაშაულო ადამიანებს. ეს მართლაც საშინელებაა”, – თქვა მასკმა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართულებით არაერთი პირის დაკავება იქნება საჭირო.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართულებითაც, ვფიქრობ, არაერთი პირის დაკავება იქნება საჭირო. ესენი ყალბი საქველმოქმედო ორგანიზაციები არიან, რომელთა უმეტესობას „დემოკრატები“ მართავენ. ეს ყალბი არასამთავრობოები მილიარდობით დოლარს იღებენ. შემდეგ ეს თანხები არასამთავრობოების ქსელზე ნაწილდება და ეს არის ფულის გათეთრების გიგანტური სქემა. რეალურად, არასამთავრობო ორგანიზაცია და ფულის გათეთრება ერთმანეთის სინონიმებია.

„ტესლას“ წინააღმდეგ დიდ ძალადობას აქვს ადგილი. ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“, ცეცხლს უკიდებენ და ესვრიან. ეს არის ფართო მასშტაბის შიდა ტერორიზმი. ჩვენ ვიპოვით მათ, ვინც აორგანიზებს და აფინანსებს ამ ძალადობას. ჩვენ ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან“, – აღნიშნა მასკმა.

ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ძალადობის საპასუხოდ, FBI-მ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რათა გამოიძიოს თავდასხმები Tesla-ს მფლობელებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები