ლაშა ხუციშვილი: საპენსიო რეფორმა მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმათაგან ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია

საპენსიო რეფორმა მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმათაგან ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ხაზი გაუსვა საპენსიო სააგენტოს როლის მნიშვნელობას საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ეკონომიკის განვითარებაში. ფინანსთა მინისტრმა სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს მიულოცა მიღწეული წარმატებები და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის ბოლოსთვის სააგენტოს აქტივების მოცულობა 6.1 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.44 მილიარდ ლარს მიაღწია. 2024 წლის ბოლოსთვის საპენსიო სქემაში გაწევრიანებული იყო 1.4 მილიონამდე ადამიანი და დაგროვებითი პენსიით სარგებლობდა 15.0 ათასზე მეტი პირი (პენსიის სახით გაიცა 61.1 მლნ ლარი).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დინამიკური პორტფელის ამონაგებმა 2024 წელს 13.6% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატული პორტფელების ამონაგების შესაბამისად 12.8% და 11.6% იყო.

„საპენსიო რეფორმის დადებითი შედეგები რამდენიმე მიმართულებით ვრცელდება. საპენსიო სქემის უფრო და უფრო მეტი მოსარგებლე (სქემაში მონაწილეთა ასაკის გათვალისწინებით) მომდევნო წლებში იგრძნობს მნიშვნელოვან სარგებელს, რაც აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. აღნიშნული პირველ რიგში მნიშვნელოვანია საპენსიო ასაკის მოსახლეობის უკეთესი სოციალური გარანტიების კუთხით და ასევე უზრუნველყოფს ფისკალურ მდგრადობას, რადგან დაგროვებითი სქემა ღირსეული საპენსიო სქემის შექმნისთვის უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სოციალურ (ე.წ. პირველი სვეტის) პენსიასთან ერთად”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული თითოეული ღონისძიება, გონივრულად დაბანდებული და მართული საპენსიო აქტივები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისათვის.

მისი თქმით ასევე, გასათვალისწინებელია საპენსიო ფონდის, როგორც ფინანსური რესურსის მნიშვნელობა დანაზოგებისა და ქვეყნის ფინანსური სისტემისათვის.

ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა სააგენტოს როგორც მენეჯმენტის, ისე თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმზე, რამაც დიდი როლი ითამაშა საპენსიო რეფორმისა და საპენსიო სისტემის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაში.

„საპენსიო სქემისა და სააგენტოს მიმართ გაზრდილი ნდობა და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია, მნიშვნელოვანია და ამ მიზნით განსაკუთრებული როლი ენიჭება ფინანსური განათლების მიმართულებას და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას დანაზოგების, ინვესტიციების, ამონაგების, რისკის და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მიმართულებით. სააგენტოს ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული, თუმცა მნიშვნელოვანია რომ მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდეს მომავალში.

მან ახლად შერჩეული საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ საპენსიო სააგენტო მომავალ წლებშიც კვლავ წარმატებით განაგრძობს საქმიანობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები