მაკრონი შავი ზღვის ცეცხლის შეწყვეტისთვის სანქციების შემსუბუქების შესახებ რუსეთის მოთხოვნებს უარყოფს
საფრანგეთი ეწინააღმდეგება შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის პირობებს, რაზეც უკრაინა და რუსეთი საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, 26 მარტს უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთმა აქცია შავი ზღვა “სამხედრო ოპერაციების თეატრად”, შეარყია კომერციული მარშრუტები და საფრთხეში ჩააგდო მათი უსაფრთხოება.
“მე სრულად ვუჭერ მხარს ამერიკის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ კონცეფციას “მშვიდობა ძალის მეშვეობით”. მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ეს კონცეფცია არ ნიშნავს სანქციების მოხსნას მანამ, სანამ ჩვენ შევამოწმებთ, რომ ყველაფერი მუშაობს”, – დასძინა მან.
“არსებულ ვითარებაში არის აგრესიის მსხვერპლი, რომელიც მზად არის მიიღოს ცეცხლის შეწყვეტა ყოველგვარი პირობის გარეშე, „მეორე მხრივ არის აგრესორი, რომელიც უკვე იწყებს პირობების წამოყენებას, რათა, ასე ვთქვათ, არ მიიღოს იგი”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, მაკრონმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი გამოაცხადებს ჯარების გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან, მის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია მოიხსნება, სანქციების მოხსნის საკითხი – დამოკიდებულია რუსეთის არჩევანზე, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.