საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა, რომელიც 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრის შემაჯამებელ ერთობლივ განცხადებას მხარეები 25 მარტს გამოაქვეყნებენ.
უკრაინული მედიის ცნობით, აშშ და უკრაინა მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავენ მას შემდეგ, რაც აშშ და რუსეთი დაასრულებენ შეხვედრას საუდის არაბეთში.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე მოსკოვს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა, ხოლო ვაშინგტონს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ენტონი წარმოადგენდნენ.
როგორც კრემლში განაცხადეს, მთავარი თემა შავი ზღვის ინიციატივა იყო, რომელიც ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ბოლო სატელეფონო საუბრისას განიხილეს.