“ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, გამოჩნდნენ ისეთი ძალები, ახალგაზრდებზე უფრო არის საუბარი, რომლებიც გარედან არ იქნებიან მართულები და რომლებიც გამოვლენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან, არა რომელიღაც დამკვეთის ეროვნული ინტერესებიდან”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.
„ოპოზიციის გადასაწყვეტი რომ იყოს, რა თქმა უნდა, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგი გამომჟღავნდება და ეს რეალური რეიტინგი არის, დრამატულად შემცირებული, ვიდრე იყო საპარლამენტო არჩევნების დროს. საპარლამენტო არჩევნების დროს მათ მიიღეს 61 მანდატი, რაც სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის და შეგვიძლია ამას დავარქვათ მცირე წარმატება. ახლა მცირე წარმატების ნულოვანი შანსიც არ აქვთ, ვინაიდან, ერთის მხრივ, გაუწბილეს იმედები თავიანთ ამომრჩევლებს, რომ არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა. მეორეს მხრივ, აგრძელებენ დესტრუქციას. პირდაპირ, ღიად საუბრობენ, მოურიდებლად, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში გამოიწვიონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია. ნორმალური ადამიანი შეიძლება იმათი ამომრჩეველიც არის, რა თქმა უნდა და უბრალოდ, შეცდომაშია შეყვანილი. ამათ რიტორიკას რომ უსმენს, ფიქრობს რად მინდა ისეთ პარტიას მივცე ხმა, რომლის დღის წესრიგსაც წარმოადგენს ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაციის შემოტანა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება. 2028 წლის ჩვენი დანაპირები, რაც არის საზოგადოებისთვის, რომ სიღარიბეც და უმუშევრობაც იქნება 4 პროცენტზე ქვემოთ, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ ისეთი ტემპით ვითარდება ჩვენი ეკონომიკა.
რაც შეეხება ახალი ძალების გამოჩენას, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, გამოჩნდნენ ისეთი ძალები, ახალგაზრდებზე უფრო არის საუბარი, რომლებიც გარედან არ იქნებიან მართულები და რომლებიც გამოვლენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და არა რომელიღაც დამკვეთის ეროვნული ინტერესებიდან. თუნდაც „დიფ სთეითი“ დავარქვათ, თუნდაც „გლობალური ომის პარტია, მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის არაფორმალური მმართველობა და აქედან გამომდინარე, რა სახელს მოვიფიქრებთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ვინც არ მოემსახურება „დიფ სთეითის“ ინტერესებს და ვინც იქნება პატრიოტული ძალა, ვინც გამოვა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ეროვნული ინტერესებიდან, რა თქმა უნდა ვისურვებდით, რომ ასეთი ძალა გამოჩენილიყოს, თუმცა იმდენად ცოტა დრო არის დარჩენილი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომ არ მგონია ეს მოესწროს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.