სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ღირებულებამ 876 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 24%-ით აღემატება
“2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 876 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24%-ით აღემატება,“- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ წელს 47%-იანი (92,7 მლნ აშშ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების, 25 %-იანი (32,2 მლნ აშშ დოლარი) – მინერალური და მტკნარი წყლების, 27%-იანი (30 მლნ აშშ დოლარი) – უალკოჰოლო გაზიანი სასმელების და 7%-იანი (17 მლნ აშშ დოლარი) – ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებში.
„2024 წელს სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 288,6 მლნ აშშ დოლარი, მოცულობამ კი, 47,9 მლნ ლიტრი შეადგინა; მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება 163,8 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა – 254 მლნ ლიტრი; ღვინის ექსპორტის ღირებულება – 276 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა – 94.7 მლნ ლიტრი; უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება – 139,1 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა კი, 150 მლნ ლიტრი იყო.
აღსანიშნავია, რომ უალკოჰოლო გაზიან სასმელებზე საექსპორტო ფასი წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და ლიტრზე 0.93 დოლარი შეადგინა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.