“თუ ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს თვალს გადავავლებთ, მე ვგულისხმობ ბოლო სამ წელიწადს, ჩვენ, ფაქტობრივად, სწრაფი ეკონომიკური ზრდის თავისებურ ციკლში ვიმყოფებით. ეს იმას ნიშნავს, რომ წელსაც მაღალი ზრდა გვექნება”- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ცუცქირიძემ ეკონომიკაში არსებული ტენდენციების შესახებ ისაუბრა. მისი პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა იქნება.
“ეკონომიკური ზრდის იანვრის
მაჩვენებელი ძალიან მაღალია – 11,1%. ეს ცალკეული ექსპერტებისთვის ცოტა სიურპრიზიც კი გამოდგა გამომდინარე იქიდან, რომ გასული წელი მარტივი არ იყო. მოგეხსენებათ, გვქონდა გარე
და შიდა გამოწვევები. იგივე პროტესტი, რომელიც გაზაფხულზე დაიწყო და შემდეგ გარკვეული შესვენების შემდგომ გაგრძელდა, მიტინგების ფორმას ვგულისხმობ. მართალია, მას აღარ აქვს ის პიკური ფორმა, რომელიც დასაწყისში ჰქონდა, არც ის რადიკალური ფორმა აღარა აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღემდე გრძელდება.
11% მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, შარშან იანვარში ზრდის მაჩვენებელი 5.8% გვქონდა. ერთი შეხედვით, გამოწვევები ამ წელს უფრო მეტი იყო. იგივე არჩევნების წელიწადი იყო, რაც ინვესტიციებზე ზეგავლენას ახდენს ხოლმე. ამიტომ მსჯელობას ამ კუთხით უნდა მივყვეთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგავიწყდეს ერთი რამ, რომ 2024 წელი ჩვენ ძალიან მაღალ მაჩვენებელზე დავამთავრეთ, ანუ 9,5 პროცენტი ძალიან მაღალი მაჩვენებელია არათუ ევროკავშირში, სადაც ცალკეულ ქვეყნებში, ფაქტობრივად, ეკონომიკის ზრდა 1-2%-ის ფარგლებშია, არამედ ზოგადად რეგიონში და თავის მხრივ მსოფლიოშიც. ჩვენთან იანვრის მაჩვენებელი მაღალი ეკონომიკური ზრდის ფაქტობრივი გაგრძელებაა, მიუხედავად იმისა, რომ მოგეხსენებათ, იანვარი ახალი წლის ეფექტიდან გამომდინარე, შედარებით ინერტულ თვედ ითვლება. თუ ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს თვალს გადავავლებთ, მე ვგულისხმობ ბოლო სამ წელიწადს, ჩვენ, ფაქტობრივად, სწრაფი ეკონომიკური ზრდის თავისებურ ციკლში ვიმყოფებით. ეს იმას ნიშნავს, რომ წელსაც მაღალი ზრდა გვექნება. ჩემი პროგნოზით, ალბათ, ორნიშნა ზრდის ფარგლებში იქნება. რატომ მაქვს ეს პოზიტიური მოლოდინი – იმიტომ, რომ ეკონომიკა
თავისებურად მაინც ამ მაღალი რისკები ზონაში გადაეწყო, ანუ მიუხედავად ამ საპროტესტო მუხტისა და ვთქვათ, ცალკეული საერთაშორისო ზეგავლენისა, ვგულისხმობ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებებს საქართველოზე, არჩევნებზე და ა.შ.
ამ გარემოსთან ეკონომიკამ ადაპტირება მოახერხა. სხვანაირად ეკონომიკა ასეთ მაღალ მაჩვენებელში ვერ გაიზრდებოდა.
არის მოსაზრებები, რომ ეს ზრდა შეიძლება მანიპულაციური იყოს.
მე აქ ვგულისხმობ ცალკეულ, ძირითადად, ოპოზიციური განხრის ექსპერტების შეფასებებს. ჩვენ
უნდა შევხედოთ იმას, თუ როგორ ფასდება საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში, ვინ აფასებს. საერთაშორისო დონეზე არბიტრი, ვინც ქართული ეკონომიკის ძირითად
მაკროფაქტორებს, პირველ რიგში, ზრდას აფასებს, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდია, პლუს ძალიან ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტოები. წლის დასაწყისში იგივე სავალუტო ფონდი ეკონომიკის განვითარებაზე თავის პროგნოზს აკეთებს ხოლმე. მაგალითად, შარშანაც ჰქონდა
პროგნოზი – წლის დასაწყისში იყო დაახლოებით 5%-ის ფარგლებში და შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე დაკორექტირდა, ბოლო პროგნოზი, აგვისტოში უკვე 7,5 %-ზე მაღალი იყო. ბოლოს კი ჩვენ დავამთავრეთ 9,5% -ით. ამას რატომ ვუსვამ ხაზს: მანიპულაცია რომ არსებობდეს, არცერთი ეს ავტორიტეტული ორგანიზაცია საკუთარი რეპუტაციის წინააღმდეგ არ წავა. ანუ, მათ თუ რაღაც ეჭვი აქვთ, ბუნებრივია, იმ საწყის მაჩვენებლებს მომავალში ზრდის მიმართულებით აღარ დააკორექტირებენ. მეორე – იგივე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა, ვგულისხმობ, ასე ვთქვათ, დიდ სამეულს, ეს Fitch იქნება, თუ Moody’s, საქართველოს სუვერენული რეიტინგი კი არ გააუარესეს, არამედ სტაბილური პერსპექტივის ფარგლებში დატოვეს, ანუ მათ ნეგატიური მოლოდინი ისედაც არ ჰქონდათ.
ზრდა რამ გამოიწვია: პირველ რიგში, არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვამ, არამედ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ, რომელიც, დაახლოებით, 15%-ითაა გაზრდილი, იანვარს ვგულისხმობ. ლაპარაკი იმაზე, რომ ბრუნვა კი გაიზარდა, მაგრამ შემოსავლები შემცირდაო, მე რომ მკითხოთ, ესეც ცოტა საეჭვოა, უფრო სწორად, ნაკლებარგუმენტირებული, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას ბრუნვა თუ ეზრდება, მას შეიძლება, შემოსავლები ორ შემთხვევაში შეუმცირდეს, ან იმხელა მოგება არ ჰქონდეს. რა შემთხვევაში მოხდებოდა ეს – თუ იქნებოდა მაღალი ინფლაცია, მაშინ ჩვენ შეგვეძლო, გვეთქვა, რომ კომპანიებს მოგება შეუმცირდათ, მეორე მხრივ, კი ბრუნვა ინფლაციის ფაქტორის გამოა გაზრდილი. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ ინფლაცია არა თუ მაღალია, არამედ ჩვენ მიზნობრივზე (3%-ს ვგულისხმობ)დაბალი გვაქვს გასულ წელსაც, მიმდინარე წლის დასაწყისშიც და ბოლო ორი წლის განმავლობაშიც. ანუ ინფლაციის ფაქტორი გაზრდილი ბრუნვის მაპროვოცირებელი ვერ იქნება. ანუ ინფლაციის ეფექტი უნდა გამოვრიცხოთ. აქედან გამომდინარე, ბრუნვა გაზრდილია.
რაც შეეხება მოგებას და შემოსავალს: ის შეიძლება, კონკრეტულ სიტუაციაში შემცირდეს. მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ კომპანიებს გარკვეული ვალდებულებების გასტუმრება უწევთ. ეს, პირველ რიგში კრედიტებს ეხება.
ახლა კი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინი მაქვს: გლობალურ ეკონომიკაში ნეგატიური მოლოდინები ამ წელს არაა, გლობალურ გაუარესებას, რაღაცა შოკისმაგვარს არავინ ელოდება, არცერთი პროგნოზი და არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია.
თუ უკრაინის ომის არსებული სტატუსკვო შეიცვალა, ანუ წავიდა მშვიდობისკენ, ეს ბუნებრივია, ჩვენს ეკონომიკაზე პოზიტიური ზეგავლენის მომტანი იქნება”- განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, დღეს ლარის კურსი სტაბილური მიმართულებისაა და რაიმე გაუფასურებისკენ მოლოდინი არ არსებობს.
“ერთადერთზე, რაზეც ამ გამოწვევებმა, ან განცხადებებმა, თუ პროტესტმა იქონია ზეგავლენა, ეს სავალუტო კურსი იყო. ანუ , კურსი ყველაზე მოწყვლადია. ბუნებრივია, ეს ყველგან ასე ხდება. როცა პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს, ის აისახება მოლოდინებზე, განწყობებზე, რაც შემდეგ კურსში გადადის. მოგეხსენებათ, ლარი გაუფასურდა. როდის იყო ლარის კურსის ყველაზე დიდი რყევა? ეს იყო გაზაფხულზე, როცა პროტესტი დაიწყო. შემდეგ შემოდგომაზე, მოგეხსენებათ, სექტემბერ-ოქტომბერ- ნოემბერში ლარის კურსის გარკვეული მერყეობა იყო. მაშინ ეროვნულმა ბანკმა გაითავისა რა ამ რისკის ფაქტორი, ბაზარზე საკმაოდ დიდი მოცულობით ინტერვენციები მოახდინა. აღმოჩნდა, რომ ეს სტრატეგია სწორი იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ კურსი სტაბილურია. ანუ, გასული წლის მეორე ბოლოდან დღემდე, ფაქტობრივად, ლარს სტაბილური ქცევა აქვს. მას, ასე ვთქვათ, რაღაცა რყევები არ აქვს. აქედან გამომდინარე ესეც ეკონომიკური ზრდის ეფექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზრდა სხვადასხვა ფაქტორებშიც არის ასახული, სხვათა შორის შემცირებულ უმუშევრობაში, რომელიც გასული წლის ბოლოს მონაცემებით, ისტორიულ მინიმუმზე იყო, ასევე გაზრდილ საშუალო ხელფასში. გითხარით, რომ სავალუტო კურსმა, ასე ვთქვათ, ყველაზე ტურბულენტური პერიოდი გასული წლის ბოლოს გაიარა, როდესაც გარკვეული რყევა დაიწყო. მაგრამ, დღეს კურსი სტაბილური მიმართულებისაა, არც რაიმე გაუფასურებისკენ აქვს მოლოდინი, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მაღალი ზრდა გვაქვს, რომელიც კურსის დინამიკის ერთ-ერთი ფაქტორია, მეორეც – რამე საგარეო ფაქტორი მოსალოდნელი არ არის.
პირიქით გეუბნებით, თუ მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები უფრო მშვიდობისკენ გადაეწყო, ამ შემთხვევაში სავალუტო კურსზე არც გლობალური ფაქტორის ზეგავლენა იქნება. ძირითადად, დოლარის კურსს იღებენ ხოლმე, მაგრამ ამერიკაში, ვხედავთ, რომ პოზიტიური მოლოდინებია იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ტრამპის დღევანდელი ადმინისტრაცია აკეთებს”- განაცხადა ცუცქირიძემ.