უკრაინის საგარეო უწყება – ვგმობთ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო არჩევნები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო.
“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოში, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2025 წლის 15 თებერვალს, ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.
უკრაინა არ აღიარებს ყალბ “არჩევნებს” და განიხილავს მათ, როგორც რუსეთის ფედერაციის სისტემურ მცდელობას, ლეგიტიმაცია მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პრორუსულ სეპარატისტულ რეჟიმს”,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, უკრაინა უცვლელად მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ხოლო რუსმა სამხედროებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი ჩადენილი დანაშაულებისთვის”,– წერია უწყების განცხადებაში.