ზვიად კვაჭანტირაძე: შემაშფოთებელია არა ნატო, არამედ რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე

საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებასთან დაკავშირებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად კვაჭანტირაძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ოპონენტებს საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის მოწყობა კი არა, რუსეთის ჯარების ყოფნა უნდა ადარდებდეთ.
„საქართველო ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზად უნდა იყოს. თუ ნატოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის რესურსების რაიმე გზით გამოყენება დასჭირდება, ამ საკითხის განსახილველად მზად უნდა ვიყოთ. თუ აღნიშნულთან დაკავშირებით ვინმეს პრობლემები აქვს, უმჯობესია, შეშფოთება ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებაზე კი არა, რუსეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე დგომასთან დაკავშირებით გამოხატონ. რუსეთის მხრიდან დარღვეულია ყველანაირი საერთაშორისო შეთანხმება და რუსეთის ჯარი კვლავ დგას საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ, მათი პრეტენზიები მიუღებელია ,“- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი საქართველოში რუსეთის ჯარების ყოფნა -არყოფნის საკითხის გადაჭრას ვერ შეძლებს.
„რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის საკითხი ჟენევაში ვერ გადაწყდება. არ არსებობს თუნდაც რეგულარული დიპლომატიური ურთიერთობების ფორმატი. ჩვენ გაწყვეტილი გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები და არ ვაპირებთ მის აღდგენას მანამ, სანამ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკანონოდ იქნებიან წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ილუზიები იმის შესახებ, რომ ჟენევის ფორმატში საქართველოს დეოკუპაციის საკითხი დავაყენოთ, ჩვენ არა გვაქვს“,- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ ხელისფლება ჟენევის ფორმატის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მოუწოდა, ისეთ საკითხებზე ისაუბრონ და შეუტიონ რუსეთს, როგორიცაა დაკარგული ტერიტორიები და ე.წ. მავთულხლართები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები