გიგლა აგულაშვილი: უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის შეძენა არ ეკრძალება

„უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენა შეუძლია, თუმცა კანონის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს და რეგულაციებს მოერგოს“, – აღნიშნული განცხადება, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„მას შემდეგ, რაც მორატორიუმი გამოცხადდა, საკითხზე ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა იმუშავეს. შედეგად მივიღეთ პროექტი, რომელიც  მთავრობამ უკვე  განიხილა. შემდეგ კი პარლამენტში მოხდება ინიცირება. პროექტის მიხედვით, შესაძლებელია უცხოელმა საქართველოში სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძინოს, მაგრამ მას კანონი მთელ რიგ რეგულაციებს უწესებს. ერთ-ერთი პირობაა საქმიანობის ცენზი, ის, თუ რა გამოცდილება აქვს მას სოფლის მეურნეობის სფეროში. ასევე აუცილებელია, რომ გარკვეული გამოცდილება მას საქართველოში ჰქონდეს მიღებული. აუცილებელია, ჰყავდეს ადგილობრივი პარტნიორი, დასაქმებული ჰყავდეს ადგილობრივები და ასე შემდეგ“,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
მისივე თქმთ, სასურველია, რომ სასოფლო მიწის დამუშავებისას მიწის მყიდველმა სასუქები ჭარბი რაოდენობით არ გამოიყენოს და მიწის ფენები არ გაფუჭდეს: „მთავარია, მიწის დამმუშავებელი უვლიდეს მიწას, შექმნას მაღალხარისხიანი პროდუქტები.  სასოფლო – სამეურნეო პროდუქტების იმპორტი 80%-ია,  გვსურს, რომ ეს ციფრი  შევამციროთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები