მომავალი წლიდან მიწების აღწერა იწყება

2015 წლიდან სახელმწიფო რეგიონებში მიწების აღწერას იწყებს. ადგილობრივები კი ფიქრბენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა, მათთვის დამატებითი თავის ტკივილი აღმოჩნდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღწერის მიზანი მიწის ბალანსის მოწესრიგებაა.
„აუცილებელია, მთავრობამ მიწის რეფორმა ბოლომდე მიიყვანოს და მიწების სრული აღწერა მოხდეს. დღემდე არავინ იცის რეალური მაჩვენებლები, სად რამდენი და როგორი მიწები გვაქვს. შესაბამისად, ეს ხელს უშლის სახელმწიფო პოლიტიკის სრულად და ეფექტურად განხორციელებას. ფერმერების დახმარების სტარტეგიის შემუშავების პროცესში სერიოზული პრობლემები გვექნება, თუ არ გვეცოდინება, რამდენია სახნავ-სათესი მიწა, როგორია მისი შემადგენლობა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მომავალი წლიდან პილოტური პროექტი დაიწყება, რომლის მეშვეობითაც ურთიერთობას თითოეულ ფერმერთან დავამყარებთ, უკეთ გვეცოდინება, რა სჭირდება მას”- აღნიშნა აგულაშვილმა.
როგორც აგულაშვილმა განმარტა, მიწების აღწერა ახალი გადასახადების დაწესებას არ გამოიწვევს. მისი თქმით, არანაირი ახალი გადასახადის დაწესება არ იგეგმება: „ამ საკითხის მოუწესრიგებლობა სერიოზულ პრობლემებს იწვევს დაზღვევის კუთხითაც. ნაკვეთის იდენტიფიცირების გარეშე ფერმერთან არც ერთი სადაზღვევო კომპანია თანამშრომლობს. მას შემდეგ, რაც მიწის კადასტრი გაკეთდება, გაურკვევლობა გამორიცხული იქნება. თითოეული ნაკვეთი ინდივიდუალურად აღირიცხება და ყველას თავისი უნიკალური კოდი მიენიჭება“,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები