გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იანვარში უკანონო ტყით სარგებლობის 147 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, უკანონო ტყით სარგებლობის 147 ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, 126 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 21 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 7 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უკანონო ტყით სარგებლობის ყველაზე მეტი – 84 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 24 სამართალდარღვევა, იმერეთში – 9, ქვემო ქართლში – 8, სამცხე-ჯავახეთში – 7, აჭარაში – 6, მცხეთა-მთიანეთში – 3, შიდა ქართლშიც – 3, გურიაში კი, 1.

უკანონო ტყით სარგებლობის 2 ფაქტია გამოვლენილი დედაქალაქშიც.

ჯამში ამოღებულია 83 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. 2024 წლის განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყით სარგებლობის 2197 ფაქტი, მათ შორის, 93 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყით სარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები