შალვა პაპუაშვილი: დიდი ხანი ვითხოვდი, NED-ს გაესაჯაროებინა თავისი დაფინანსებები, ახლა უკვე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ NED-ი თაღლითური ორგანიზაციაა და მალავს დაფინანსებას

“რისკია, როდესაც უცხო ორგანიზაციები აფინანსებენ ამა თუ იმ მედიას, ვინაიდან ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში ეს მედიები ატარებენ დამფინანსებლის ინტერესებს, გავლენას, ემსახურებიან არა სიმართლეს და საზოგადოების ინფორმირებას, არამედ საკუთარ დამფინანსებლებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ხანი ითხოვდა, NED-ს გაესაჯაროებინა თავისი დაფინანსებები, ახლა უკვე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ NED-ი თაღლითური ორგანიზაციაა.

„ეს ინფორმაცია რაღაც მომენტში გასაჯაროვდა და შემდეგ NED-მა დამალა, საერთოდ წაშალეს და ბაზები არ ჰქონდათ. ამაზე სხვა დროსაც მისაუბრია. მე დიდი ხანი ვითხოვდი, გაესაჯაროებინათ თავისი დაფინანსებები და მალავენ ამ დაფინანსებას. სხვათა შორის, ახლა უკვე ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ NED-ი არის თაღლითური ორგანიზაცია და მალავს თავის დაფინანსებას. აი, NED-ი „ტვ პირველს“ 2020-2021 წლებში, საარჩევნო პერიოდში აფინანსებდა, აფინანსებდა ჟურნალისტების ხელფასებს. შეგახსენებთ, ეს ის პერიოდია, როდესაც „ტვ პირველი“ იყო მოწინავე დეზინფორმაციის გავრცელებაში. ეს არის პერიოდი 2021 წელს, როდესაც შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმე გამოიგონეს „ტვ პირველის“ სახეებმა, ჟურნალისტებმა, მათ შორის „ფორმულამ“, გამოიგონეს ყალბი ისტორია, თითქოს იყო რაღაც ასპექტები, რომლებიც დაფარული იყო, ერთ შემთხვევაში მკვლელობის და მეორე შემთხვევაში თვითმკვლელობის, აღარ გავიხსენებ ახლა ამ შემთხვევებს. გამოიგონეს ჩვეულებრივი ყალბი ამბავი ხაზარაძისა და კეზერაშვილის ტელევიზიებმა და რამდენიმე თვე წინასაარჩევნოდ ტვინს ურეცხავდნენ ამომრჩეველს. ამას აფინანსებდა NED-ი, აშშ-ის ბიუჯეტით ფინანსდებოდა ეს ყველაფერი. ზუსტად ეს აჩვენებს, რომ რა თქმა უნდა, რისკია, როდესაც უცხო ორგანიზაციები აფინანსებენ ამა თუ იმ მედიას, ვინაიდან ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში ეს მედიები ატარებენ მისი დამფინანსებლის ინტერესებს, გავლენას, ემსახურებიან არა სიმართლეს, არა საზოგადოების ინფორმირებას, არამედ ემსახურებიან საკუთარ დამფინანსებლებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები