შალვა პაპუაშვილი: ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა არის მთავარი გამოწვევა – არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ, ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს და გადმოვიტანთ

„ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა არის მთავარი გამოწვევა – არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ, ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს და გადმოვიტანთ“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ესეც არის გამოწვევა, რომელიც მათ შორის ვნახეთ ამ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, რომ თურმე ამ შემთხვევაში აშშ-ის ბიუჯეტიდან, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით თანხები იხარჯებოდა მედიასაშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, საკუთარი გავლენა ამა თუ იმ ქვეყანაში.

მისი განმარტებით, არაფერ ახალს „ქართული ოცნება“ არ იგონებს, საკანონმდებლო ინიციატივის სახით პირდაპირ მოხდება ბრიტანული მოდელის გადმოტანა, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის ფეიკ ნიუსების გავრცელების საკითხებს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ფეიკ ნიუსებზე, როგორც გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. თუ რა დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ფეიკ ნიუსებს, ამას საქართველოშიც ვხედავთ. ასე, რომ ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა არის მთავარი გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც რა თქმა უნდა, უნდა ვებრძოლოთ ფეიკ ნიუსებს. ამიტომ აქაც, ჩვენ არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ საერთოდ. ბრიტანული სტანდარტი, რომელიც მიღებული არის მათ შორის მედიასთან დაკავშირებით, ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს და გადმოვიტანთ პირდაპირ. თუ რაიმე კითხვები არის ამ სტანდარტთან, მიმართეთ დიდ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში. ან თუ კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, სპეკულაციები თითქოს ამ კანონით სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება მიუღებელია ვინაიდან „დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვის თავისუფლებებით. ასე რომ არანაირი კავშირი ფეიკ ნიუსებთან ბრძოლას სიტყვის თავისუფლებასთან არ აქვს“. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ თავი დაიცვან ფეიკ ნიუსისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები