ბაკურიანში ბიატლონის ახალი 3.5 კმ-იანი ტრასის მშენებლობა დასრულდა

default

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანში ბიატლონის მოედნისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) 3.5 კმ სიგრძის ტრასის მშენებლობა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბიატლონის ახალი ტრასა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უკვე თებერვალში უმასპინძლებს.

„ბაკურიანში ბიატლონის მოედნისა და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 2024 წელს დაიწყო. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 18.2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

3.5 კმ სიგრძის ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის ტრასის სამშენებლო სამუშაოებთან ერთად ჩატარდა სათხილამურო ტრასის განათების სისტემის ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები. ასევე, იტალიური კომპანიის მიერ მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რისთვისაც ჩატარდა წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს თბილისიც უმასპინძლებს, რისთვისაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობაც დაასრულა.

ყინულის არენაში მოეწყო 60 მეტრი 30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები. მოედანი მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლობა და ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ცნობადობისა და ტურიზმის ზრდას, ისე ზამთრის სპორტული სახეობების განვითარებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები