მედია: მსხვერპლის მომრავლების გამო, ჩრდილოეთ კორეის ჯარები ფრონტის ხაზებიდან გაიყვანეს
დეზორგანიზაციამ და ჯავშანტექნიკის ნაკლებობამ ჩრდილოეთ კორეის სპეცრაზმის მძიმე მსხვერპლი გამოიწვია, რის გამოც ისინი რუსეთის საბრძოლო ოპერაციებიდან გაიყვანეს,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
უკრაინის მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, ნოემბერში რუსეთში გაგზავნილი 12000 ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაციდან, სულ რაღაც სამ თვეში, დაახლოებით, ნახევარი დაიკარგა რუსეთის კურსკის ოლქში ბრძოლების დროს.
უკრაინის სამხედრო წყაროების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა სასტიკი საბრძოლო შესაძლებლობები აჩვენეს, მათი ეფექტურობა სერიოზულად დაზარალდა დეზორგანიზებულობისა და რუსეთის ქვედანაყოფებთან ცუდი კოორდინაციის გამო.
როგორც The New York Times-ი წერს, აშშ-ის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ჯარების გაყვანა, შეიძლება, დროებითი იყოს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ძალები, შესაძლოა, დამატებითი წვრთნების ან სტრატეგიული კორექტირების შემდეგ დაბრუნდნენ, რათა შეამცირონ მსხვერპლი.