ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონში მომხდარი ავიაკატასტროფა წინა ადმინისტრაციების პოლიტიკის შედეგია
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფაში დემოკრატების პოლიტიკას ადანაშაულებს.
მისივე განმარტებით “მრავალფეროვნების წესების” გათვალისწინებით, საჰაერო მოძრაობის კონტროლისთვის დაქირავებული ადამიანები ყოველთვის კვალიფიციურები არ არიან.
“ჩვენ უნდა გვქონდეს მხოლოდ უმაღლესი სტანდარტები მათთვის, ვინც მუშაობს ჩვენს საავიაციო სისტემაში. მე შევცვალე ობამას სტანდარტები. შემდეგ კი, როდესაც დავტოვე თანამდებობა და ბაიდენი მოვიდა, მან შეცვალა ისინი. მათი პოლიტიკა იყო საშინელი და მათი პოლიტიკოსები – კიდევ უფრო უარესი.
დემოკრატები პასუხისმგებელნი არიან საჰაერო მოძრაობის კონტროლის სტანდარტების დაქვეითებაზე და კატასტროფა, შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო ფედერალური ავიაციის მრავალფეროვნებით, თანასწორობისა და ინკლუზიის (DEI) პოლიტიკით”,- განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, American Airlines-ის თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს. შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში გაკეთდება. წინასწარი ანგარიში კი 30 დღეში გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი შეეჯახა. თვითმფრინავში 64, ხოლო ვერტმფრენში 4 ადამიანი იმყოფებოდა. ვერცერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.