რატი იონათამიშვილი: ნებისმიერ უსამართლობაზე ყოველთვის გვექნება მტკიცე პოზიცია

“ისეთი საკითხები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ქართველი ხალხის არჩევანს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ გაზიარებული”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” უსამართლობებზე მტკიცე პოზიცია ექნება.

„ნებისმიერ უსამართლობაზე ჩვენ ყოველთვის გვექნება მტკიცე და ერთიანი პოზიცია, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სულისკვეთებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ისეთი ტექსტი, სადაც დათქმებში ჩვენ ცალსახად ვხედავთ სუბიექტურ ტენდენციებს და ისეთ საკითხებს, რომლებიც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ქართველი ხალხის არჩევანს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ჩვენგან გაზიარებული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არჩევანი, რაც ჩვენ გვაქვს მას რაიმე საფრთხე ექმნება, პირიქით, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით და ჩვენ ვხედავთ, რომ, როდესაც ობიექტურ მსჯელობაზე და გადაწყვეტილებებზე არის ხოლმე საუბარი, აქ ჩნდება სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც მაგალითად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ძალიან მძიმე და ასი ვერდიქტი არსებობს ამ პარტიის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში და ეს არის სწორედ ევროპული გადაწყვეტილებები და ევროპული ღირებულებები, რასთანაც აი ამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას არაფერი საერთო არ აქვს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით ცნო. კერძოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. „ქართულმა ოცნებამ“, რეზოლუციის საპასუხოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები