პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ერთ-ერთ ნაბიჯად განხილულ იქნა რუსეთის პროექტი ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილის მიერ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ერთობლივი განცხადების გაკეთების შესახებ.
ზაქარიშვილს ეჭვი ეპარება, რომ რუსეთს ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტის ისეთი ტექსტი შეეთავაზებინა, რომელიც საქართველოსთვის მისაღები იქნებოდა.
“დელეგაცია ჟენევიდან არ დაბრუნებულა, ამიტომ დეტალებზე ლაპარაკი ნაადრევია. ჩვენ შეგვიძლია 2-3 დღეში გავაკეთოთ კვლავ კომენტარი, მაგრამ ვიდრე დელეგაცია არ დაბრუნდება, რა ტექსტზეა საუბარი, ძნელი სათქმელია. თუმცა, მე ეჭვი მეპარება, რუსეთს შემოეთავაზებინა ისეთი ტექსტი, რომელიც მისაღები იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება რუსეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულება ძალის არგამოყენების შესახებ. ეს უნდა იყოს მთავარი. თუ რუსეთი ამაზე მოდის, მაგას რა ჯობია. ან მეორე – თუ არ მოდის რუსეთი ხელშეკრულებაზე, მაშინ ცალმხრივი განცხადება გააკეთოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ, როგორც ეს საქართველომ არაერთხელ გააკეთა. შესაბამისად, თუ არც ერთი და არც მეორე ვარიანტი არ არის, მე სხვა ვარიანტს არ განვიხილავდი”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია ნატოს ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსების საფრთხეებზე. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ნატოს წევრი საქართველო უკეთესია უსაფრთხოებისთვის რეგიონში, ვიდრე ალიანსის არაწევრი.
“უკვე 20 წელზე მეტია, საქართველო დამოუკიდებელია და ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ ვერ მართავენ დსთ-ს წევრი სახელმწიფოები თავიანთ კონფლიქტებს და ეს გადადის შეუქცევად სამხედრო დაპირისპირებაში. ამავდროულად, ვხედავთ, რამდენად ყველაფერი მართვადია ნატოში და ნატოს სახელმწიფოებს შორის ომები არ არის. ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო კიდევ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული ნატოს სტრუქტურებში, კავკასიაში უფრო მეტად დაისადგურებს მშვიდობა. ნატ-ს წევრი საქართველო უფრო სანდო და მდგრადი იქნება, ვიდრე ნატოს გარეშე საქართველო. აშკარაა, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში აღარ გაიხედება რუსეთის მხარეს, ჩვენ ცალსახად მივდივართ ევროატლანტიკური მიმართულებით და ყველა, პირველ რიგში, რუსეთი დარწმუნდება, რომ ნატოს წევრი საქართველო იქნება უფრო სანდო და კავკასიაში უსაფრთხოება იქნება მეტად გარანტირებული”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები