დავით ლაგვილავა: თამარ სანიკიძეს განათლების სისტემა ტოტალიტარიზმისკენ მიჰყავს

ყოფილი დირექტორები და „საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის“ ხელმძღვანელები საქართველოს პარლამენტს თხოვნით მიმართავენ, რომ თამარ სანიკიძის ტოტალიტარიზმისკენ მიმართულ საგანმანათლებლო პოლიტიკას მხარი არ დაუჭირონ. ალიანსის წევრები კანონმდებლებს სთხოვენ, არ დაუშვან ზოგადი განათლების კანონში განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილი ინიციატივების დამტკიცება და ამით არ შეუწყონ ხელი პედაგოგთა დისკრიმინაციის დაკანონებას.
როგორც ალიანსის თანათავმჯდომარეებმა, მარიამ რამინაშვილმა და დავით ლაგვილავამ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თამარ სანიკიძე არ ითვალისწინებს და არაფრად აგდებს როგორც დეპუტატების, ისე ექსპერტების რეკომენდაციებსა და შენიშვნებს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი მიდგომით კი, მათი თქმით, ის სერიოზულ პრობლემებს უქმნის განათლების სისტემას. „ცვლილების მიხედვით, მინისტრისთვის მასწავლებლის, დირექტორის და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების მიმართ პროფესიის შეჩერების შესახებ ერთპიროვნული უფლების მინიჭება ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. თამარ სანიკიძის პოლიტიკა სისტემაში მომუშავე ადამიანებზე სრული კონტროლის დამყარებაა. ცვლილებები მინისტრს აძლევს უფლებას, პირადი ინტერესებით არასასურველი დირექტორი თავიდან მოიშოროს. არის მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური დებულებები, რომლის ლეგიტიმაცია დინამიკაში მოიყვანს კორუფციულ სქემებს. ცვლილება პირდაპირ შეუწყობს ხელს სისტემაში ნეპოტიზმის და კორუფციის დანერგვას. სკოლას აქვს რეგულაციის ბევრი ფორმა, რომლითაც შეიძლება ნებისმიერი გადაცდომა დაარეგულიროს“,- აღნიშნა მარიამ რამინაშვილმა.
„საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის“ წევრების თქმით, აუცილებელია, რომ პარლამენტმა არ დაუშვას შეცდომა და არ მიიღოს კანონი, რომელიც მასწავლებელთა და დირექტორთა დისკრიმინაციას დააკანონებს. „გვინდა ვთხოვოთ პარლამენტს, რომ არ მიიღონ განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებები. რომლებიც მასწავლებელთა დისკრიმინაციას, ნეპოტიზმს და კორუფციას დააკანონებს და ამ საფრთხეებს გაზრდის. თამარ სანიკიძე არ ითვალისწინებს პარლამენტის წევრთა კრიტიკას და შენიშვნას და მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს არაკომპეტენტურ უწოდებს. ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე მასწავლებლის უფლების ჩამორთმევა ისევე როგორც სკოლის დირექტორის უფლების შეჩერება, ეს არის ტოტალიტარიზმისკენ და ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ განათლების სფეროში მინისტრმა დაამყაროს სრული კონტროლი. ამ ქმედებით მინისტრს უნდა მისთვის არასასურველი კადრები ჩამოაშოროს სისტემას. სისტემა, რომელიც ქვეყანას უნდა უზრდიდეს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ მოქალაქეებს, თავად ეს სისტემაც უნდა იყოს დემოკრატიული. ქალბატონი სანიკიძე თავისი ქმედებებით სისტემას ანტიკონსტიტუციურ ჭრილში აქცევს“,- აღნიშნა დავით ლაგვილავამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესულია ცვლილებები ზოგადი განათლების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და ინიციატივასთან დაკავშირებით შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსაც გააჩნიათ. არსებულ ვარიანტს არც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ეთანხმება. საკითხის განხილვისას შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახნამგ ხმალაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის წარმოდგენილი ვარიანტით დირექტორთა არჩევა ფიქტიური ხდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე კი მასწავლებელთა სერტიფიცირების სქემაზე პარლამენტის წევრების შენიშვნებს არ იზიარებს და დეპუტატების განცხადებებს არაკომპეტენტურს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები