თეა წულუკიანი: ბიზნესმენებს სასამართლოში არ უნდა დასჭირდეთ სიარული, რადგან შეუძლიათ, აირჩიონ არბიტრაჟი

არბიტრაჟის შესახებ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია ადვოკატებისა და ბიზნესწრეების ძალისხმევით ტარდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საერთაშორისო საარბიტრაჟო კონფერენცია მიმდინარეობს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის მნიშვნელობაზე საუბრობს. კონფერენციას ესწრებიან არბიტრაჟის პრაქტიკოსები ლონდონიდან, პარიზიდან, სტამბოლიდან, ვილნიუსიდან. ასევე საერთაშორისო და რეგიონული იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები.
“ჩვენი მთავრობის პოლიტიკური ნება დაკავშირებულია იმასთან, რომ არა მხოლოდ იმ კომპანიას თუ ბიზნესმენს, რომელმაც თანხა დაკარგა, ან მისი ბიზნესინტერესი დაზიანდა, თავისუფალი მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში შეეძლოს საკუთარი სიმართლის პოვნა, არამედ ჩვენ ხელი შევუწყოთ არბიტრაჟის განვითარებას საქართველოში, გავაცოცხლოთ არბიტრაჟის ინსტიტუტი, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ, ბიზნესის მონაწილეობით, კერძო სამართლის რეფორმის ჯგუფში შექმნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. მე მიხარია, რომ ბიზნესწრეებს ჩვენი საკანონმდებლო პაკეტი ძალიან მოსწონთ. სასამართლოშიც კი არ უნდა დასჭირდეთ მათ სიარული, რადგან თავად შეუძლიათ აირჩიონ არბიტრაჟი, არბიტრი, რომელსაც თავიანთ მომავალ ბედს მიანდობენ, რომელიც მათ გადაუწყვეტს მოკლედ და ნაკლები დანახარჯით დავებს, რომლებიც მათ შეიძლება მომავალში ჰქონდეთ”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარება რამდენიმე კუთხითაა მნიშვნელოვანი. მათივე თქმით, ბიზნესმენები არ იქნებიან იძულებულნი, ყველა დავის შემთხვევაში სასამართლოს მიმართონ. “იარსებებს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული და სანდო მექანიზმი. ამისათვის კი საარბიტრაჟო დავების მექანიზმი მოქნილი და ბიზნესის ინტერესებზე მორგებული უნდა იყოს და ის მაქსიმალურად უახლოვდებოდეს გაეროს არბიტრაჟის წესებს”, – განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტისადმი კეთილგანწყობის შესაქმნელად იუსტიციის სამინისტრომ “არბიტრაჟების შესახებ” კანონში ცვლილებათა პაკეტი მიმდინარე წლის ზაფხულში წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები