თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყნის განადგურების მიმართულებით, რომელ ქვეყანაშიც ეს შედის
„შეიძლება ამერიკიდან დაფინანსების თანხამ სულაც არ დაიკლოს საქართველოში, მაგრამ ის დირექტივა, რომელსაც მან ხელი მოაწერა იმისთვის გაკეთდა, რომ უნდა გადაიხედოს რამდენად არის თანხვედრაში ახალი ადმინისტრაციის მიერ გასატარებელ საგარეო პოლიტიკასთან ან ამ ურთიერთობებთან“, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში” განაცხადა.
მისი თქმით, თუ კრიტიკულად გადახედავენ თუ რაში იხარჯება ფული, აღმოაჩენენ რომ ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკის დანერგვაზეც იხარჯებოდა ფული.
„როდესაც კრიტიკულად გადახედავენ რაში იხარჯებოდა ფული, რა იდეების პროპაგანდისთვის იხარჯებოდა ფული, დარწმუნებული ვარ, რომ აღმოაჩენენ იმასაც, რომ ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკის დანერგვაზეც კი იხარჯებოდა ფული საქართველოში. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყნის განადგურების მიმართულებით, რომელ ქვეყანაშიც ეს შედის. ვინაიდან ტრამპმა განაცხადა, რომ ეს არ მოხმარდება ომის პროპაგანდას და არაბუნებრივი იდეების დამკვიდრებას, რა თქმა უნდა ეს ჩვენ იმის იმედს გვიჩენს, რომ ეს პოლიტიკა გადაიხედება.
თუ კეთილშობილური მიმართულებებით, დემოკრატიის რეალურად დამკვიდრების საქმეში დაიხარჯება ეს ფული, თუ დაიხარჯება საქართველოს ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და განათლების საკითხებში, რა თქმა უნდა ჩვენზე დიდ და სანდო პარტნიორებს ამერიკელები ვერ იპოვიან. მთავარია ეს ურთიერთობა იყოს გამჭვირვალე და აგებული ურთიერთპატივისცემისა და ნდობის პრინციპზე. ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.