„საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან არანაირ საფრთხეს არ უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას“

საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან არანაირ საფრთხეს არ უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას,- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გააკეთა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, რეგიონულ უსაფრთხოებას უპირველესად აზარალებს და სერიოზულ პრობლემებს უქმნის მოუგვარებელი კონფლიქტები.
“სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენ რუსეთის როლს, თუკი მას აქვს სურვილი, პოლიტიკური ნება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყოთ კონფლიქტების მოგვარება, კერძოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რეგიონული უსაფრთხოების საკითხი არ არის მისი და კარასინის შეხვედრის ფორმატის დღის წესრიგის თემა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მისი რუსი კოლეგები ამ საკითხს შეეხებიან, მისი პასუხი მეტ-ნაკლებად ასეთივე იქნება.
კითხვაზე, რამდენად შეძლებს საქართველო დაარწმუნოს რუსეთი, რომ ნატო არანაირ საფრთხეს არ უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის დარწმუნება მარტივი არ იქნება.
მან ასევე კომენტარი გააკეთა დაღესტნის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, აქამდე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
“თუ მათ რაღაც იდეა და პროექტები აქვთ, მოვისმენთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები