“არსებულ საგარეო პოლიტიკას ქვეყანა თვითიზოლაციისკენ მიჰყავს“

„საქართველოს დღევანდელი მთავრობის საგარეო პოლიტიკას ქვეყანა თვითიზოლაციისკენ მიჰყავს,“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ყოფილმა მინისტრმა ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, ხელისუფლების ახირებული პოლიტიკის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულები არიან, ყოველ სამ თვეში თავიანთ საკონსულოებში ხელმეორედ მიიღონ საქართველოში სამთვიანი ცხოვრების უფლება. ეს კი ქვეყანას კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანს.
„ უცნაურია, ერთი მხრივ, ევროკავშირს სთხოვდე საქართველოსთან სავიზო მიმოსვლის გამარტივებას და, პარალელურად, ამავე ქვეყნების მოქალაქეებს ასე ურთულებდე შენს ქვეყანაში ცხოვრებას. ეს ნაბიჯი 100 000-ზე მეტი ემიგრანტის დაბრუნებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. პრობლემები უკვე ექმნებათ საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც აქ ფულს ხარჯავენ, ხალხს ასაქმებენ. ეს ჩვენს ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს“,- განაცხადა ნიკა რურუამ.
ნიკა რურუამ ხელისუფლებას ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის მივიწყებაში დასდო ბრალი. მისი თქმით, ხელისუფლების გაუბედავი, გაურკვეველი ნაბიჯებით და დილეტანტიზმითაა განპირობებული, რომ საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს ხსენება არ ხდება. რურუას განცხადებით, თუ ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებამ არ ისაუბრა, არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ისაუბრებენ იმ მარტივი მიზეზით, რომ რუსეთთან დაპირისპირებით თავს არ იტკივებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები