მიხეილ ყაველაშვილი – პატრიარქს: თქვენო უწმინდესობავ, ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს იუბილეს.
თქვენო უწმინდესობავ, ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და აღორძინებაში.
სამაგალითოა თქვენი ცხოვრების გზა ქართველი ერისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყნის გადარჩენის გზა ცდება პოლიტიკას და ხსნა სულიერებასა და სწორ ღირებულებებშია.
თქვენო უწმინდესობავ, თქვენ მაშინ აირჩიეთ ქრისტეს გზა, როცა ეკლესიას დევნიდნენ და თქვენი სიმტკიცით, რწმენით, სიმშვიდით და კაცთმოყვარეობით შეძელით ერში რწმენა და მადლი გაგემრავლებინათ.
თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა ქვეყნის და ეკლესიის წინაშე გვაძლევს ძალას, მყარად ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უფლის და თქვენი ლოცვის იმედით.
თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ მხნეობას და დღეგრძელობას!
მჯერა, თქვენი ლოცვა შეგვეწევა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გზაზე“, – ნათქვამია მილოცვაში.