დავით მათიკაშვილი: თუკი იქნება ევროპული მხარისგან მზაობა, ვიმსჯელებთ ამ კანონზე და მოვისმენთ არგუმენტებს, ბუნებრივია რელევანტურები ვიქნებით აღნიშნული არგუმენტების მიმართ და შესაბამისად გავცემთ პასუხს

“ეს არის მართლაც ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ევროპელი თანამდებობის პირი მზაობას აცხადებს, რომ კანონთან მიმართებით, კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით იყოს მხარეთა შორის მსჯელობა და აზრთა გაცვლა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებას.

მისივე თქმით,  ეს არის ძალიან კარგი ნიადაგი იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ თუ ვინმეს სადმე რაიმე სახით კითხვის ნიშანი გააჩნია კანონთან დაკავშირებით, უფრო მეტად მიიღოს ინფორმაცია.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პასაჟს, რაც გენმდივანმა ბრძანა, თუნდაც „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით. ეს არის მართლაც ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ევროპელი თანამდებობის პირი მზაობას აცხადებს, რომ კანონთან მიმართებით, კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით იყოს მხარეთა შორის მსჯელობა და აზრთა გაცვლა. ეს არის ძალიან კარგი ნიადაგი და პლატფორმა იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ თუ ვინმეს სადმე რაიმე სახით კითხვის ნიშანი გააჩნია კანონთან დაკავშირებით, უფრო მეტად მიიღოს ინფორმაცია იმ ჭრილში, სადაც ევროპული მხარეც იქნება წარმოდგენილი. ჩვენ სწორედ ამას ვითხოვდით. ვერ ვიღებდით და ვერც ახლა ვიღებთ ყოველგვარი გააზრების, არგუმენტის და მტკიცებულების გარეშე რაიმე სახელით რომელიმე კანონის მონათვლას, ან ამ კანონის პირდაპირ გაცხადებას, რომ ის რაიმეს აზიანებს, თუნდაც ევროპულ ღირებულებებს. თუკი იქნება ევროპული მხარისგან მზაობა და ამ კანონზე ვიმსჯელებთ და მოვისმენთ არგუმენტებს, ბუნებრივია რელევანტურები ვიქნებით ამ არგუმენტების მიმართ და შესაბამისად გავცემთ პასუხს“, – განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეცვლის, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები