პროკურატურამ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, რამაც 7 700 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები