გიორგი ვოლსკი: ხდება ჟურნალისტების პოლიტიკურ პროცესში ჩათრევა და ჟურნალისტიკაში ფსიქოლოგიური ტერორის დანერგვა
ხდება ჟურნალისტების პოლიტიკურ პროცესში ჩათრევა და ჟურნალისტიკაში ფსიქოლოგიური ტერორის დანერგვა, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური არხები გაქრნენ ასპარეზიდან ბრიფინგებისას, რომ თავის მედიასაშუალებაში არ აჩვენონ საპირისპირო აზრი.
„დაპირისპირების გამწვავება არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არა მარტო საზოგადოების სხვადასხვა ფენებს, არამედ მედიასაშუალებებს შორის. გარდა ამისა, ბულინგის თემა არის მიმართული თანამშრომლებისკენ. „ბულინგი“ არ ხორციელდება მხოლოდ ჟურნალისტებზე, ვისაც ყოველდღიური საქმიანობა უწევს და გარკვეულწილად, თავისი პოზიციაც გააჩნია, მითუმეტეს თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ბევრი ვერ უძლებს ასეთ ფსიქოლოგიურ სტრესს. ადამიანს აგდებენ ისეთ მდგომარეობაში, რომ ასეთი ქაოსური პროცესები გადაედოს. მათთვის გამარჯვებაა სახელმწიფო დაწესებულებების გარეთ გამოსვლა და აქციის ჩატარება, ვიღაცის განცხადება, რომ ჩვენ თურმე ევროპაში არ მივდივართ, ჩელიაბინსკში ვიღვიძებთ და ამას ეწინააღმდეგება. მთლიანი ამ ისტერიკის აგორება რა საკვირველია არის გეგმა. ამ გეგმაში „იმედთან“ დაპირისპირება, რომელსაც მთლიანობაში ყველა საპირისპირო აზრის მქონე მედიასაშუალება ერთად აღებული ჩამორჩება „იმედს“ თავისი რეიტინგით, ეს არის კატასტროფა მათთვის, ასე განიხილავენ.
ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ოპოზიციური არხები გაქრნენ ასპარეზიდან. თუნდაც იქ, როცა ბრიფინგები ტარდება, აღარ მოდიან, რომ თავის მედიასაშუალებაში არ აჩვენონ საპირისპირო აზრი. ადრე ასე არ იყო, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ეს ტენდენცია. პრემიერ-მინისტრს განზრახ შეუქმნეს ვითარება, როდესაც იძულებული გახდა გაეძევებინა დარბაზიდან ერთი ჟურნალისტი. ეს პრინციპში უკვე ჟურნალისტობა არ არის, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის დანერგვასაც მედიასივრცეში ისინი ლამობენ. ასევე შეტევაა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, შევარდნენ იქ. ეს რაღაც პოლიტიკური გამარჯვების აქტივში ჩაიწერა.
ასევე, ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანაც მიმდინარეობს, როცა მათ აჯერებენ, რომ ისეთ განსაკუთრებულ პროცესში იღებენ მონაწილეობას, რომ ჰგონიათ ევროპულ ღირებულებებს იცავენ და არაფერს ამბობენ იმ ფსიქოლოგიურ ტერორზე, რომელსაც პოლიტიკური პარტიები ეწევიან.
ადრე ჩემი კომენტარი ოპოზიციის წარმომადგენლის კომენტართან ერთად გადიოდა ხოლმე მათ ტელევიზიებში. ახლა ეგ ეპოქა დასრულდა. „იმედში“ ეგ ეპოქა არსებობს ისევ. ადამიანები ხედავენ სიმართლეს, ვინ როგორ ლაპარაკობს, ფიქრობს, რა განწყობაა ზოგადად. არჩევნებამდე ჩვენ მიერ ჩატარებულ გრანდიოზულ შეკრებაზე თავისუფლად მოძრაობდნენ ოპოზიციის ტელევიზიები. არ შეგვინიშნავს, რომ ვინმეს აეკრძალა, მითუმეტეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეტევა მიეტანა მათზე. აქედან გამომდინარე, ჟურნალისტების ჩათრევა ხდება პოლიტიკურ პროცესებში. მე არ მგონია, რომ იმ არხებზე ყველას მოსწონს ეს“,- აღნიშნა ვოლსკიმ.