გორდულაძე – “TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე: დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უმძიმეს და უბინძურეს პროვოკაციასთან
“კატეგორიულად მიუღებელია, მეტიც – ამაზრზენია, როდესაც ქუჩაში ვხედავთ, რომ ქალზე ძალადობენ, ძალადობენ ადამიანზე და ამ ყველაფერში ბრუტალურ მეთოდებს იყენებენ. ამავდროულად, არასდროს არ უნდა დავკარგოთ ობიექტურობა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
“ყველანაირი ძალადობა ყოველთვის უნდა იყოს დაგმობილი. ჩვენ ვიცით, რომ ორი ადამიანი, მათ შორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიღბიანების მხრიდან (დიდი ალბათობით, ისინი ყველა იყვნენ მომიტინგეები), სასტიკად იქნა ნაცემი ორი მოქალაქე, მაგრამ ეს არავის გაუპროტესტებია, არავის დაუფიქსირებია თავისი პოზიცია და არ დაუგმია, რაც კატეგორიულად მიუღებელია. სხვა ადამიანები, რომლებიც ნაცკლასტერს წარმოადგენენ, აუცილებლად უნდა გმობდნენ ასეთ ძალადობებს. მათ შორის, უნდა გმობდნენ მომიტინგეებისგან, მაგალითად, ოპერატორის მიმართ სახეში ნასროლ პიროტექნიკას და ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობას. ყველა, ვინც ნაცმოძრაობის კლასტერის ფლანგზე დგას, ცდილობს, რომ “ქართულ ოცნებასა” და პოლიციელებს დამბრალდეს გუშინდელი ფაქტი. ასეთი ფაქტი ვის უწყობს ხელს? თუ არა იმ კარგად დატრენინგებულ ადამიანებს, რომლებიც ამდენი დღის განმავლობაში, ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაში გადატრიალება მოახდინონ. დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უმძიმეს და უბინძურეს პროვოკაციასთან, რასაც, რა თქმა უნდა, სამართალდამცველები აუცილებლად დაადგენენ”, – აცხადებს გორდულაძე.