შსს: აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება – მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში გამოხატონ.

„რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები.

აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნების სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.

საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები