შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავა.
უწყების ცნობით, დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
დაკავებული არიან: 1996 წელს დაბადებული ო.ც., 1990 წელს დაბადებული გ.მ., 1975 წელს დაბადებული ჯ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.ჭ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული რ.ს.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს არ ემორჩილებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში და პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, სამხედრო ტანსაცმელი, აირწინაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე თბილისში 4 პირის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს დაკავებულია 13 პირი. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.
ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.