„წულუკიანის ქცევით გაოგნებული ვარ, რომელმაც რეზოლუციის ფონზე განაცხადა, რომ კანონმდებლობას შეცვლის“
თავმოყვარე ქვეყანამ რომელიმე ევროპელი ჩინოვნიკის ან პარტიული რეზოლუციის საფუძველზე კანონები არ უნდა შეცვალოს – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრმა გიგლა ბარამიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა. ბარამიძემ ინტერვიუში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გააკრიტიკა და ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ მინისტრის განცხადებას გამაოგნებელი უწოდა.
„გაოგნებული ვარ ჩვენი ხელისუფლებისა და განსაკუთრებით თეა წულუკიანის ქცევით, რომელმაც ევროსაბჭოს მიერ მიღებული პარტიული რანგის რეზოლუციის ფონზე განაცხადა, რომ ის კანონმდებლობას შეცვლის“,- აღნიშნა ბარამიძემ.
ბარამიძის განცხადებითვე, თუ ქვეყანაში ევროპელი ჩინოვნიკის ან პარტიული რეზოლუციის საფუძველზე კანონები შეიცვლება, ეს იმის დასტური იქნება, რომ ხელისუფლება არასრულფასოვნების კომპლექსითაა შეპყრობილი.
„მაინტერესებს, რა კრიახი ატეხეს საქართველოს ხელისუფლებამ და მასმედიამ ამ რეკომენდაციის გარშემო? თითქოს სხვა საქმე და პრობლემა ჩვენ არ გვქონდეს! როგორ შეიძლება თავმოყვარე ქვეყანამ რომელიმე ევროპელი ჩინოვნიკის ან პარტიული რეზოლუციის საფუძველზე კანონები ცვალოს“,-განაცხადა ბარამიძემ.