ჟვანიას სკოლამ მემორანდუმი გააფორმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული საჯარო მმართველობის აკადემიასთან

25 ნოემბერს ჟვანიას სკოლის დირექტორი, ქეთევან ჯაყელი, შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული საჯარო მმართველობის აკადემიის რექტორს, აკადემიკოს ურხან ქაზიმ ოღლუ ალაკბაროვს. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაცვლას.

სკოლის წარმომადგენლები აკადემიის სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ. ჟვანიას სკოლის დელეგაციამ კოლეგებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელშიც დეტალურად მიმოიხილა სკოლის მიერ განხორციელებული პროგრამები და საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების ჩართულობა მათში.

2025 წლისთვის ჟვანიას სკოლა გეგმავს საჯარო სერვისების ტრენინგ სისტემების მოდერნიზაციას, რათა ისინი უკეთ იყოს თავსებადი გლობალიზაციისა და დიგიტალიზაციის მოთხოვნებთან. ამ მიმართულებით განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა აზერბაიჯანელი კოლეგების გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურის სასწავლო კურსებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის წარმატებული პრაქტიკა.

ვიზიტის დასასრულს, მასპინძლებმა ჟვანიას სკოლის დელეგაციას აკადემიის კამპუსში საინფორმაციო ტური მოუწყვეს. აღნიშნული ტური დამატებითი შესაძლებლობა აღმოჩნდა ცოდნის გასაზიარებლად – განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურისა და სასწავლო პროცესის ორგანიზების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები