საბერძნეთში, გადაუღებელი წვიმების შედეგად შტორმი „ბორა“ წარმოიქმნა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადამიანები კუნძულ ლემნოსზე დაიღუპნენ და ისინი ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ.
ლემნოსის გარდა, შტორმმა „ბორამ“ ზიანი ტურისტულ კუნძულ როდოსსაც მიაყენა. ამის გამო იქ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე 24-საათიანი შეზღუდვა დააწესეს. როდოსის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა, ალექსანდროს კოლიადისმა საბერძნეთის მთავრობას კუნძულზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით მიმართა.
მედიის ცნობით, უამინდობამ პრობლემები შექმნა ბერძნულ ქალაქ სალონიკიშიც. ერთ-ერთი გემი, რომელიც ქალაქის პორტში იყო გაჩერებული, წყალმა წაიღო და სხვა გემებს შეაჯახა.
სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ქარიშხალი “ბორა”, სავარაუდოდ, საბერძნეთის ბევრ ნაწილს კიდევ დააზარალებს.