“ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება “განათლების” სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამიდან ამოღებული ნაწარმოებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან, როცა ამოიღებ ილიას ბედნიერ ერს, პასუხის პასუხს, განდეგილს, აჩრდილს და ოთაარნთ ქვრივს, როცა ამოიღებ პაოლო იაშვილის და პოლიკარპ კაკაბაძეს ნაწარმოებს მთლიანად ან კიდევ ვაჟას “პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმ”-ს … ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება “განათლების” სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!”,- წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში წერია: “ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები