“ეუთო/ოდირის, NDI-ს, IRI-ს, NMO-ს წინასწარ შეფასებებში ხაზგასმით წერია, რომ არჩევნების ადმინისტრირების ხარისხი იყო მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებული” – გიორგი კალანდარიშვილი
“ეუთო/ოდირის, NDI-ს, IRI-ს, NMO-ს წინასწარ შეფასებებში ხაზგასმით წერია, რომ არჩევნების ადმინისტრირების ხარისხი იყო მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებული”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია არჩევნების ჩატარების ხარისხთან მიმართებით.
“როდესაც საუბარია გაყალბებაზე, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. ამ დროს უნდა მოხდეს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, ფაქტის დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება სათანადო ორგანოების მხრიდან. დღეს არის 25 ნოემბერი, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ერთი თვე გავიდა კენჭისყრის დღიდან. საარჩევნო ადმინისტრაცია იყო ის უწყება, რომელმაც არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში, ზუსტად ასეთ გაჟღერებულ ბრალდებებთან მიმართებით თავად მიმართა საქართველოს პროკურატურას იმ მიზნით, რომ მათ მოეხდინათ სათანადო გამოკვლევები მათი კომპეტენციის ფარგლებში და უზრუნველეყოთ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. ჩვენ, მათ შორის ვიხილეთ ისეთი შემთხვევები, როდესაც პირადად ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, პირადად ჩემთან მიმართებით ხორციელდებოდა არაცივილური ფორმით ისეთი გამოხატულებები, რომელიც ფაქტობრივად ხაზს უსვამდა, რომ რეალურად საარჩევნო ბრალდებებთან მიმართებით არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა. მნიშვნელოვანი არის, როგორც მედიამ, ასევე ყველა ჩართულმა მხარემ პატივი სცეს ამომრჩეველს, პატივი სცეს საზოგადოებას და მიაწოდოს მათ ობიექტური, გადამოწმებული, შესწავლილი, გამოკვლეული ინფორმაცია, რათა არ დაზიანდეს პოსტსაარჩევნო პერიოდი”, – განმარტა კალანდარიშვილმა.